„მე რომ გავიდე რუსთაველის გამზირზე და ხელით შევეხო შს სამინისტროს წარმომადგენელს, ან რომ შევაგინო, ჩემს მიმართაც იქნება გამოყენებული ზომები,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, არსებობს ვიდეოჩაბაწერები, თუ რატომ მოხდა იმ მომენტში დეპუტატის დაკავება და მიიჩნევს, რომ ამით კანონი არ დარღვეულა. „მე მივიღე ინფორმაცია, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებული ყველაფერი არის ასახული კამერებზე. შესაბამისად, შეგვიძლია, ერთად დავრწმუნდეთ, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდარღვევას და შეეხნენ თუ არა ხელით შს სამინისტროს წარმომადგენლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა სამართალდამცველებს და ა.შ. რაც შეეხება ზოგადად ლოკაციის შეცვლას, მე რომ გავიდე ახლა რუსთაველის გამზირზე და ხელით შევეხო შს სამინისტროს წარმომადგენელს, ან რომ შევაგინო, ბუნებრივია ჩემს მიმართაც იქნება გამოყენებული ზომები, მთავარია, ეს არ იყოს დაკავება, რასაც ზღუდავს კონსტიტუცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. ეს არის მთავარი, თორემ განრიდება და ლოკაციის შეცვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. შეგვიძლია, დამატებით დავინტერესდეთ, რა და როგორ მოხდა,“ - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ შს მინისტრი კითხვებზე პასუხის გასაცემად ღიაა.