არცთუ ისე ბევრი ქვეყანა არის ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად გრძნობენ თავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ მალე ეს იქნება ერთიანი სივრცე.
"მეორე მსოფლიო ომის დღეები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპა არის განათლების კონტინენტი და მას შემოესია ბარბაროსები, მაშინ ევროპა დიდი საფრთხის წინაშე დადგა. ომის შემდეგ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცემოდა და სწორედ ევროკავშირის შექმნა იყო ეს პასუხი. როცა ვამბობ ევროპის კონტინეტს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელ წევრ სახელმწიფოებს. მე მინდა ხაზი გავუსვა, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და საქართველოს თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა ჰერმანმა.