ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ მოწვეულმა ერთ-ერთმა ექსპერტმა საკვლევი მასალის გაცნობამდე ისაუბრა გარდაცვლილების ჭრილობებზე და დანების რაოდენობაზე.
"ჩამოსული ექსპერტების კომენტარებს მოვუსმინე, ასევე მოვუსმინე ექსპერტ დეკანოზიშვილის კომენტარს. მაშინ, როცა ექსპერტს საკვლევი მასალა არ გადასცემია, მაშინ როცა ექსპერტს კვლევა არ დაუწყია, არ დაუმთავრებია, ის იმპერატიულად აცხადებს, რომ ერთ დანაზე მეტით მოხდა ჭრილობების მიყენება. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჭრილობების მიყენება ორი დანით მოხდა. ალბათ, მერე ვინმემ უკარნახა და რამდენიმე წამში დაადასტურა, ორი დანით, ან მეტით მოხდაო. საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. თუ ექსპერტს საკვლევი მასალა არ გადეცა, თუ საკვლევი მასალა არ შეაფასა, არ გამოიკვლია რა დაზიანებებია, რაზე დაყრდნობით უნდა განაცხადოს, რომ ერთი, ორი, ან ორ დანაზე მეტია გამოყენებული. დეკანოზიშვილი გვევლინება მხარედ, ვინაიდან მხარე აცხადებს აღნიშნულ პოზიციას. ბრალდების მხარემ დანიშნა ექსპერტიზა, ჩვენთვის, ბრალდების მხარისთვის ექსპერტების ვინაობა, მით უფრო კვლევის მეთოდების შესახებ ცნობილი არ იყო, არც ის, თუ რა ვადაში მოხდებოდა საექსპერტო კვლევა. ექსპერტიზის დასკვნის შესახებ გავიგეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაასრულეს კვლევა. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეებს უშუალო კავშირი აქვთ ექსპერტებთან, ჩართულები არიან, საექსპერტო კვლევა ერთობლივად ხდება. ეს გარკვეულწილად დასკვნის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს", - აცხადებს ფხაკაძე.
მისი განმარტებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს, ბრალდების მხარე დაცვის მხარისთვის ნივთმტკიცებების გადაცემას აგვიანებს.
"რაც შეეხება იმას, თითქოს დაცვას არ ვაძლევთ მასალებს, მტკიცებულებებს, სიცრუეა.ბრალდების მხარე მზადაა ნებისმიერ დროს, მათ შორის არასამუშაო დროსაც, მომართვის შემთხვევაში, დაცვის მხარეს ადგილზე მივუტანოთ ნივთიერი მტკიცებულება, რათა მათთვის ხელოვნურად არ მოხდეს დროის გაჭიანურება", - აცხადებს ფხაკაძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.