ბათუმის მერიამ 140 ათასი ლარი პარკირების აპარატებში დახარჯა, რომლის შეკეთებას ვერ ახერხებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მერიამ 2013 წელს, 140 ათას ლარად, 17 აპარატი იყიდა. ძვირადღირებული აპარატები საშუალებას იძლეოდა, ქალაქის კონკრეტულ ადგილებში, მოქალაქეებს პარკირების ბილეთები შეეძინათ და დამატებით ადამიანური რესურსი არ დახარჯულიყო.
თუმცა, რამდენიმე თვეში, ბიუჯეტიდან დახარჯული 140 ათასი ლარის პარკირების საბილეთო აპარატები მწყობრიდან გამოვიდა.
გაფუჭებული პარკომეტრები, ხუთის წლის შემდეგაც, იმავე ადგილებზე დგას და მერიაში დღემდე არ იციან, რატომ დაზიანდა აპარატი, რომლის საცალო ღირებულება 8 ათას 207 ლარი იყო. აპარატების დიდი ნაწილი ვიზუალურადაც დაზიანებულია.
"ბათუმის ავტოტრანსპორტში" ამბობენ, რომ აპარატებს პროგრამული ხარვეზი აქვთ და მათი დემონტაჟი აუცილებელია. ამ ეტაპზე პარკომეტრების აღწერა, დასურათება და შემოწმება მიმდინარეობს.
"სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ გერმანული წარმოების აპარატები თურქეთში შეიძინა, რა პრობლემა აქვს, დღემდე ვერ დადგინდა. რთულია მისი შეკეთება და უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადება იგეგმება, აპარატები ახლით უნდა ჩანაცვლდეს. შესაძლებელია, 17 ლოკაცია სხვა უბნებიც დაემატოს’’ - ამბობს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" იურისტი მარად სანიკიძე აჭარს ტელევიზიასთან საუბრისას.
ამ ეტაპზე, უწყებაში პარკირების პოლიტიკა მუშავდება, ამიტომ დაზუსტებით არ იციან როგორ აეწყობა სისტემა. დაახლოებით ორი თვის წინ, რეორგანიზაციის შემდეგ, ბათუმის ავტოტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოები გაერთიანდნენ.
დღეს მუშა მდგომარეობაში მხოლოდ ერთი პარკომეტრია. ის ახალია და რამდენიმე კვირის წინ, თბილისის მოედანზე დადგეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფასიანი ავტოსადგომი გაიხსნა. შესვლა ერთი ლარი და ყოველი შემდეგ საათი, დამატებით ლარი ღირს.
ჩამოსაწერად გამზადებული 17 პარკომენტრი უფრო იაფი ღირდა. ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ერთი საათით პარკინგი 50 თეთრად შეეძლოთ, აპარატი სამ ენაზე იყო დაპროგრამებული და ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ასრულებდა მოთხოვნას.