„სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში, საქართველოზე გამავალი ე.წ. 'შუა დერეფნის" პოპულარიზება იყო ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპინის შეხვედრისა, რომელიც 13 აპრილს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდა სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. მისი თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ „შუა კორიდორის" უპირატესობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შესთავაზა თანამშრომლობა შუა კორიდორის შესახებ „როუდშოუების" და სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობების ორგანიზების თაობაზე, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა სტრატეგიულ ქალაქებში უნდა მოეწყოს.
ამავე დროს, ჩინეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ბლოკ-მატარებლებისთვის სუბსიდიების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ.
„ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ინტერესი გამოხატა ქართული მხარის მიერ დაყენებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს „სარტყელის და გზის" ინიციატივის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
(NS)