„პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც ევროკავშირთან, ასევე, ყველა სხვა პარტნიორთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების სათანადოდ წარმართვით", -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის პროექტის -„უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება" - ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი საჭიროებს თვისობრივ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განვითარება და გაძლიერება, მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
„ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ფუნქცია. ეს არის კანონშემოქმედება და ზედამხედველობა, კონტროლი და ჩვენ გვჭირდება თვისობრივი გაძლიერება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს, კანონშემოქმედებითი ფუნქციების განსავითარებლად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების განვითარება.
ჩვენ მივიღეთ ახალი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის, რომლითაც გაძლიერდა შესაბამისი მექანიზმები. პარლამენტს ახლა უკეთესი რესურსები აქვს იმისათვის, რომ განახორციელოს ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. შესაბამისად, ჩვენ სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის რეგლამენტზე, რომლითაც უნდა დაკონკრეტდეს ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები და შესაბამისი კონკრეტული ინსტრუმენტები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანადგომა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. „ამ ყველაფერში ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მყარი თანადგომა. თანადგომა განსაკუთრებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თანადგომა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ დღეს ოფიციალურად, არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც იქნება შეტანილი ამ პროცესში",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი არის დღევანდელ კონსტიტუციურ სისტემაში, ცენტრალური რგოლი და შესაბამისად, პარლამენტის ქმედითობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ქმედითი იქნება, ზოგადად, დემოკრატიული სისტემა საქართველოში.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მინდა იმთავითვე მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და კონკრეტულად ევროკავშირის დელეგაციას და კონკრეტულად ბატონ ჰერმანს ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი აღმოუჩენენ საქართველოს და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტს. ეს მხარდაჭერა და თანადგომა არის ნამდვილად ფასდაუდებელი ჩვენთვის. ეს მხარდაჭერა არის გამოხატული, მათ შორის კონკრეტულ აქტივობებში, კონკრეტულ პროექტებში და მე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის პროექტები არის ყოველთვის განსაკუთრებულად შედეგზე ორიენტირებული, რისთვისაც მე მინდა კიდევ ერთხელ ევროკავშირს და ევროკავშირის დელეგაციას უღრმესი მადლობა გადავუხადო",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.