“ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში“ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ბავშვთა ჰოსპისში - „ციცინათელების ქვეყანა“, სპეციალური მულტი-სენსორული ოთახი (Snoezelen MSE) მოაწყო.
ოთახი დღეს საქართველოში ჩეხეთის ელჩმა თომაშ პერნიცკიმ გახსნა. სპეციალური დიზაინისა და თერაპიული აღჭურვილობის მეშვეობით შექმნილი მულტი-სენსორული გარემოს მიზანია, დაეხმაროს ჰოსპისის ბენეფიციარებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
„დღეს გაიხსნა საქართველოში პირველი მულტი-სენსორული ოთახი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს. ეს ოთახი ბავშვთა ჰოსპისის ბენეფიციარებისთვის ერთგვარი სიამოვნების და სარგებლის მომტანი იქნება“, - განაცხადა ელჩმა.
ევროპაში მულტი-სენსორულ გარემოში თერაპიების მიწოდებას განვითარების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ მიდგომის ეფექტურობა კარგად შესწავლილი და მტკიცებულებებზე დაფუძნებულია. ეს თერაპიები ევროპულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება სენსომოტორული უნარების და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებისთვის, ასევე სარელაქსაციოდ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობების მქონე ადამიანებისთვის (პალიატიური მზრუნველობა, აუტიზმი, დემენცია, სხვა).
აღნიშნული საქართველოსთვის ჯერ კიდევ ინოვაციური სერვისია, თუმცა სხვადასხვა დაავადებების ტვირთის ზრდასა და მოსახლეობის დემოგრაფიული ცვლილებების პარალელურად მისი საჭიროება თანდათან იზრდება.
ამ ახალი სერვისის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ჰოსპისში 10-14 აპრილს სპეციალისტებისთვის (ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი) მულტისენსორული გარემოს თემაზე ტრენინგს სერტიფიცირებული ჩეხი ტრენერი რენატა ფილატოვა ატარებს ჩეხეთის კარიტასის მოწვევით. კურსის გავლა სპეციალისტებს მისცემს საშუალებას, ჰოსპისის ბენეფიციარებს მიაწოდონ კვალიფიციური სერვისი.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში პროექტის „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ განხორციელება 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ინიცირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქვეყანაში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების განვითარების ხელშეწყობა. ამისთვის სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი ამზადებს ინსტიტუციური მოწყობისთვის საჭირო მარეგულირებელ დოკუმენტებს, ხოლო პროექტის ბოლოს 2019 წელს სპეციალური პედიატრიული ხანგრძლივი მოვლის ცენტრი გაიხსნება, სადაც ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე ბავშვებზე მრავალდარგობრივი გუნდი (ექიმები, ექთნები, სოციალური მუშაკი, ოკუპაციური თერაპევტი, სხვა) იზრუნებს.
(NS)