„ენერგოეფექტურობა მშენებლობაში" – ამ სახელწოდების პრეზენტაცია გაიმართება დღეს, 13 აპრილს, 10.30 საათზე, ტექნოპარკში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის, გერმანიის საელჩოს, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების, აკადემიური წრის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე.
საქართველოს მთავრობის მიზანია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას. ეს პოლიტიკა ხორციელდება მწვანე ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად და ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, თუმცა, ის ვერ ახერხებს თავისი ენერგოეფექტურობის პოტენციალის სრულად რეალიზებას, რისი მიღწევაც ქვეყანაში შესაბამისი ცოდნისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით არის შესაძლებელი.
სწორედ ამ მიზნით, ქართველი და გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა სახელმძღვანელო „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში," რომელიც GIZ პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, მდგრადი ენერგიისა და გარემოს ექსპერტთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა.
(NS)