Freedom House-ის ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში რეიტინგი, ღიმილისმომგვრელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. მისივე თქმით, ამის შედეგი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი განაჩენები ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად, აგრეთვე პოლიტიკური დევნის მექანიზმად. კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეგადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24 500 მიაღწია”.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2012 წლის შემდეგ, სასამართლო გათავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან. მისი თქმით, რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და ხელისუფლების მიერ წაგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა, სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების უხეში შელახვის ინსტრუმენტად. კობახიძე აღნიშნავს, რომ გატარდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად.
"ამ ფონზე, კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ გაკვირვებას იწვევს, უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში.
“თუ 2012 წლამდე, სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე. თუმცა, კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს”, – განაცხადა კობახიძემ.