არსებობს ე.წ. ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
კობახიძემ ამის მაგალითად NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა მოიყვანა, რომლისთვისაც, მისივე თქმით, საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა.
კობახიძის განცხადებით, ამ ბრძოლას არავითარი საერთო არა აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.
„ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას და რომლებიც, ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.