საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში, 2017-2018 სასწავლო წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად, დღეიდან, მსურველთა საგაზაფხულო რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს საბუთების შეტანა 22 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. ჩარიცხვის წინაპირობა სრული საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგებია. სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი უკვე რიგით მეორე მიღებას აცხადებს.
ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას ამჯერადაც ეძლევა შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლოს. სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი საგაზაფხულო მიღებას 3 პროფესიულ პროგრამაზე ახხადებს:
- მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი (მოდულური), IV საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე
- სამრეწველო ავტომატიზაცია (მოდულური), V საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 24 თვე
- მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (მოდულური), V საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ პირადობის მოწმობით, ყოველდღე (კვირადღის გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (კოსტავას 77), მე-3 სართული, ოთახი №352; ასევე, საქართველოს მასშტაბით, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ნებისმიერ დაწესებულებებში. დარეგისტრირება შესაძლებელია ვებგვერდის www.vet.emis.ge მეშვეობით. რაც შეეხება შემდგომ საფეხურზე დარეგისტრირების მსურველებს, მათ დამატებით უნდა წარმოადგინონ წინა საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტექნიკური გადამზადების ცენტრში, თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან, სასწავლო პრაქტიკას კი საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში გაივლიან. სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.
პროფესიული განათლების დიპლომის პარალელურად, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ გერმანულ სერტიფიკატს, რომელიც გაიცემა გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროში, მანთაქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქსა და კვების მრეწველობაში და სხვ.
ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ, პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტა: gttc@gtu.ge
ტელ.: +995 577 222 419 და ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.gtu.ge