ბოლო წლებში საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების რაოდენობა მცირდება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უწყების წლიური ანგარიშებიდან ირკვევა, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების რაოდენობა 14,4%-ითაა შემცირებული. 14,4%-იანი კლებაა ასევე 2017 წელს 2015 წელთან შედარებით.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში შემოსული იყო 1690 გემი, 2016 წელს - 1975 გემი, ხოლო 2015 წელს - 1978 გემი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის, ფოთისა და ყულევის ნავსადგურებში გემების რაოდენობის შემცირების ტენდენცია 2014 წლიდან ფიქსირდება.
ქვეყნის ნავსადგურებში შემოსული გემებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა Tanker-ებსა და Gen.Cargo-ებზე მოდის, რაზეც 2017 წელს 2016-2015 წლებთან შედარებით კლებაა დაფიქსირებული.
2017 წლის განმავლობაში სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ნავსადგურის ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურებმა შეამოწმეს საქართველოს ნავსადგურებში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) შემოსული 283 გემი, შენიშვნები აღმოაჩნდა 207 გემს. საანგარიშო პერიოდში მოხდა 23 გემის დაკავება, კერძოდ, ბათუმის ნავსადგურში 10 გემის, ხოლო ფოთის ნავსადგურში - 13 გემის.