ირლანდიურმა „ლოუ-კოსტერმა“ Ryanair-მა ბერლინი-კიევის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია დაიწყო. აღნიშნულ მიმართულებაზე Ryanair-ი ოპერირებას 3 სექტემბრიდან იწყებს და კვირაში 4 რეისს განახორციელებს. ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 27,5 ევროდანაა.
აღსანიშნავია, რომ ბერლინი უკრაინის ბაზრისთვის მე-11 მიმართულება, რომელზედაც Ryanair-ი განახორციელებს ფრენებს. დღემდე Ryanair-ს უკრაინის ორი ქალაქის მიმართულებით ევროპის 10 მიმართულებიდან ჰქონდა დაანონსებული ფრენები.
უკრაინულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ერთ წელში ირლანდიური „ლოუ-კოსტერი" Ryanair-ი 1 მლნ მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რამდენიმე დღის უკან გააკეთა, რომელიც უკრაინის აეროპორტებსა და Ryanair-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდა.
Ryanair-ი უკრაინის მიმართულებით, საუბარია ლვოვისა და ბორისპოლის აეროპორტებზე, კვირაში 32 რეისის განხორციელებას გეგმავს.
უკვე გაწერილი განრიგების მიხედვით რეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში Ryanair-ი განახორციელებს ფრენებს ბარსელონადან, ბრატისლავადან, გდანსკიდან, ვილნიუსიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, პოზნანიდან, ვროცლავიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავადან.
რაც შეეხება ლვოვს, ლვოვის აეროპორტში Ryanair-ი რეისებს განახორციელებს დიუსელდორფიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, მიმინგენიდან და ვარშავადან.