ჩვენი მოთხოვნაა ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალოს და ამის სიმბოლო ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომა იყოს, - უნივერსიტეტთან გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „აუდიტორია 115”-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძიმ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფომ რაღაც სტრატეგია ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმა შეიმუშაოს, რომ მთელი ეს დასაქმება ერთ საწარმოზე დამოკიდებული არ იყოს.
მისივე თქმით, პარლამენტში ეკონომიკის სფეროში ყველა პროგრესულ კანონს დიმიტრი ქუმსიშვილი აფერხებს და ეკონომიკური პოლიტიკა ადამიანის ნაცვლად ინვესტიციებზეა მორგებული.
„ნებისმიერი რეგულაციის დაწესებას ეკონომიკის სამინისტრო და პირადად ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეწინააღმდეგება. პარლამენტში ყველა პროგრესულ კანონს ეს ადამიანი აფერხებს. შესაბამისად ექვსი მეშახტის გარდაცვალებაზე მთელმა მთავრობამ თუ არა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, „სოლიდარობა ტყიბულს” - ამ სლოგანით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე მსვლელობა იწყება.
შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი, დაშავდა.