საქართველო მთავრობა რიგ საკანონმდებლო ინიციატივებს გეგმავს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ: გამმიჯნავი ხაზის ახლოს ვაჭრობის განვითარება-გაფართოება, დამატებითი შეღავათები განათლების სფეროში, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობა, რომელიც გამარტივებული მექანიზმით განხორციელდება და ა.შ. დასავლეთმა საქართველოს მთავრობის გეგმები მოიწონა: როგორც ევროკავშირმა, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, - ამის შესახებ სტატიას სომხური Lragir აქვეყნებს.
გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას:
"ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თბილისის დამატებით ინიციატივებს თავშეკავებულად შეხვდა. ოსები და აფხაზები ახლაც სარგებლობენ საქართველოში უფასო სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობებით, მაგრამ სოხუმი და ცხინვალი ასეთ ნაბიჯებს არ მიესალმებიან. პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან: აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ხელისუფალნი, რუსეთის მხარდაჭერით, ოფიციალური თბილისის შეთავაზებებზე უარს იტყვიან. აშკარად ჩანს, რომ ეს საქართველოს უკანასკნელი წინადადებაა სოხუმისა და ცხინვალისადმი.
იმედოვნებს თუ არა თბილისი, რომ აფხაზები და ოსები ქართველების ასეთ გულუხვ პრეფერენციებზე პოზიტიურ რეაქციას გამოავლენენ? საეჭვოა.
როგორც ჩანს, საქართველოს ნაბიჯი განპირობებულია ნატოს ზაფხულში დაგეგმილი სამიტით, რომლზეც თბილისს იმედი აქვს, რომ ალიანსში „შესვლის საშვს“ მიიღებს. მსოფლიოს ანალიტიკურ ცენტრებში სხვადასხვა ვარიანტები იქმნება, თუ როგორ შეიძლება მოხდეს საქართველოს ნატოში მიღება ისე, რომ ალიანსის წესდების მე-5 მუხლი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე არ გავრცელდეს. იმიტომ, რომ ნატოს არ სურს რუსეთს შეეჯახოს [საქართველოს მიზეზით].
გამორიცხული არაა, რომ საქართველოს შეთავაზებების მიზანი აფხაზებისთვის და ოსებისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ მათ აჩვენოს - თბილისს მშვიდობიანი განზრახვები აქვს. საქართველოს არანაირი სამხედრო გეგმები არ აქვს, ამბობენ თბილისში. ეს ნიშნავს, რომ ნატოს მე-5 პუნქტის გამოყენება არ დაჭირდება... თუ, რასაკვირველია, რუსეთი გაჩუმდება და არაფერს იზამს, საქართველოს წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციას არ განახორციელებს", - წერია სტატიაში.