საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში, შემთხვევის ადგილიდან, ცხედრების გამოსაყვანად მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად მობილიზებულია, რათა უმოკლეს დროში მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველოს ხელმძღვანელი პირები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მინდელის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.