საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები გამოჩენილი სიმამაცისთვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ღირსების ორდენები სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის და თავდადებული მამაცობისთვის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის უფროსი ნოდარ კაკაბაძეს, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ტყის მცველს, გიორგი გოგალაძესა და სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე თუმასიანს გადაეცათ.
სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტმა ღირსების მედლები ბორჯომის მკვიდრებს, მოხალისეებს - დიმიტრი ხაჩიძეს, მიხეილ გოგალაძესა და გოჩა სტეფნაძეს გადასცა.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობასა და აბასთუმანში ტყის მასივში გაჩენილმა ხანძარმა 15 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა. რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის სპეციალისტები. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვერტმფრენი. ხანძრის დიდი კერები საბოლოოდ ლოკალიზებულია, რჩება მხოლოდ მცირე კერები, რომელთა სრული ლიკვიდაცია დღის ბოლომდე დასრულდება.