„ლოუ-კოსტერმა“ Ryanair-მა შესაძლოა ბორისპოლის აეროპორტის კოლაფსი გამოიწვიოს, რადგანაც ფრენა პიკური დატვირთულობის დროს სურს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელი პაველ რიაბიკინი აკეთებს.
რიაბიკინი ამბობს, რომ პიკი საათებში მოფრენით ისინი აეროპორტის კოლაფს გამოიწვევენ და მათთვის სასურველ 35 წუთში გაფრენას ვერ განახორციელებენ და 2 საათიანი ლოდინი მოუწევთ, რადგანაც საჭირო გახდება რიგში დგომა ავტობუსისთვის, გეითისთვის, სადგომისთვის და ასე შემდეგ.
მისივე განმარტებით, Ryanair-მა ბილეთების გაყიდვა ისე დაიწყო, რომ დროებზე შეთანხმება ბორისპოლის აეროპორტთან არ ჰქონდა.
უკრაინულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ერთ წელში ირლანდიური „ლოუ-კოსტერი" Ryanair-ი 1 მლნ მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რამდენიმე დღის უკან გააკეთა, რომელიც უკრაინის აეროპორტებსა და Ryanair-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდა.
Ryanair-ი უკრაინის მიმართულებით, საუბარია ლვოვისა და ბორისპოლის აეროპორტებზე, კვირაში 32 რეისის განხორციელებას გეგმავს.
Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე ოპერირებას ოფიციალურად ოქტომბრიდან შეუდგება.
უკვე გაწერილი განრიგების მიხედვით რეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში Ryanair-ი განახორციელებს ფრენებს ბარსელონადან, ბრატისლავადან, გდანსკიდან, ვილნიუსიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, პოზნანიდან, ვროცლავიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავადან.
რაც შეეხება ლვოვს, ლვოვის აეროპორტში Ryanair-ი რეისებს განახორციელებს დიუსელდორფიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, მიმინგენიდან და ვარშავადან.