საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ქართველ ჯარისკაცებს საკვირაო წირვა-ლოცვაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ პატრიარქმა დღეს მუხათგვედის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად აგებული ეკლესიაში განაცხადა.
"ჩვენმა ხალხმა დასძლია ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს ერსა და სამხედროებს შორის იყო საბჭოთა კავშირის დროს. ჯარი უცხო იყო ერისთვის. დღეს ეს გამთლიანდა. ჩვენი ერი, მხედართმთავრები და მხედრები - ეს ერთი ხალხია. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი დაახლოებისთვის ერსა და მხედართა შორის კარგი იქნება კვირა დღის დღესასწაულებზე წირვა-ლოცვას ჩვენი მხედრები დაესწრნენ", - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ერის და ჯარის კიდევ უფრო დაახლოებას და ერი გაითავისებს თავის მხედრებს, ხოლო ჯარი დაუახლოვდება ერს.
"სადაც არის მშენებლობა იქ არის ღმერთი, სადაც არის ერთობა იქ არის ღმერთი. ღმერთი აერთიანებს და ეშმაკი ყოფს", - ბრძანა პატრიარქმა.
დღესვე პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი და ქართველი ერი დალოცა.
"დალოცვილი და გახარებული იყავით. მე მინდა დავლოცო გარდაცვლილი მხედრები და ვთქვა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვლოცულობთ მათთვის. ღმერთმა მოგცეთ თქვენ და საქართველოს ერის მთლიანობა ქვეყნისა და მომავალი კეთილდღეობა", - განაცხადა ილია მეორემ.