საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა სს „ქართული ლუდის კომპანიისთვის“ BB- , ხოლო ობლიგაციებს BB საკრედიტო რეიტინგის მინიჭებას აფასებს ბიზნესომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული კომპანიის წარმატება არაა.
„ქართული ლუდის კომპანია“ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას მიმდინარე წლის მესამე კვარტლის დასაწყისში აპირებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ გააკეთა. კომპანიის ინფორმაციით, ობლიგაციების გამოშვების პროცესის წარმართვაში სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „თიბისი კაპიტალი“ (თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია) ეხმარება.
„ვფიქრობთ, რომ ფასიან ქაღალდებს მესამე კვარტლის დასაწყისში უკვე გამოვუშვებთ. აღნიშნული რესურსების ათვისებას შევძლებთ წლის ბოლომდე. განხორციელდება ძალიან ბევრი საინვესტიციო პროექტი, რომელიც გვაქვს დაგეგმილი. საბოლოო ჯამში ყველა პროექტი მოემსახურება იმას, რომ საქართველოში ახალი ბიზნესები შეიქმნას და გაიზარდოს ქართული წარმოება“, განმარტავს კოტრიკაძე.
მისივე ინფორმაციით, დღემდე სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ განხორციელებულია 150 მლნ ლარის ინვესტიცია.
„დღემდე „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ განხორციელებულია 150 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიას თავის პორტფელში აქვს როგორც ლუდის, ასევე ლიმონათის, არაალკოჰოლური სასმელების და ნატურალური წვენების მიმართულება. წინა წელს განვახორციელეთ 8 მლნ ევროს ღირებულების პროექტი, ესაა ასეპტიკური ხაზი და დავიწყეთ ნატურალური წვენების წარმოება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ძალიან ბევრ სიახლეს, როგორც ლუდის ასევე ნატურალური წვენებისა და ლიმონათის მიმართულებით“, განმარტავს ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.
როგორც ცნობილია „ქართული ლუდის კომპანია“ ხილის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტზეც მუშაობს, რომელიც წინასწარი გათვლებით კომპანიას 7 მლნ ევრო დაუჯდება. საწარმო ზედაზენში, „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოს მახლობლად აშენდება.
ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ბაზარზე 2011 წლის 03 ივნისს დარეგისტრირდა და რეკორდულ ვადებში - 9 თვეში ბაზარზე წარადგინა ზედაზენის პირველი პროდუქცია. „ქართული ლუდის კომპანია“ უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ევროპის მოწინავე მწარმოებლების დანადგარებითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს ზედაზენის პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და მსოფლიო სტანდარტებს.