2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3,1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-2,8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1,4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0,3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,7 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები შემცირებულია 1,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1,2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასების 0,6 პროცენტით კლება დაფიქსირდა.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-0,7 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3,9 პროცენტით, რაც 1,19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7,0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3,2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2,9 პროცენტი), თევზეული (2,8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-2,5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 6,2 პროცენტით, რაც 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11,2 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,1 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით, რაც 0,3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,4 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,1 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი).