ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიებზე ქვეწარმავლების გამოჩენის ფაქტები დაფიქსირდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გასულ წლებში, ზაფხულის სეზონზე მსგავსი ფაქტების გახშირების გამო ბათუმის მერიამ 2018 წლიდან ახალი ღონისძიება აამოქმედა, რომლის ფარგლებში, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ხორციელდება შენობა-ნაგებობების, სარდაფების, სხვენების, საწყობების, სამეურნეო თუ დამხმარე დაწესებულებებისა და მათ ირგვლივ არსებული ტერიტორიების ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება.
პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ქვეწარმავლების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება. ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე - (0422) 27 26 06, ან განცხადებით მიმართონ მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს (ლუკა ასათიანის ქ. #25).