სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში ქართული ზეთისხილის საწარმო დაათვალიერეს.
ქართულ-თურქული ინვესტიციით შექმნილ კომპანიას ზეთისხილის ბაღები 400 ჰექტარზე აქვს გაშენებული; „გემლიკის“ ჯიშის ნერგები და ქართულ კლიმატურ პირობებზე მორგებული 6 სხვადასხვა სახეობა საქართველოში თურქეთიდანაა შემოტანილი. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სამომავლოდ დაგეგმილია მისი ექსპორტზე გატანაც; კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მიმდინარეობს ბაზრების დივერსიფიცირების პროცესი.
„ქართული ზეთისხილის საწარმო ქართული და თურქული ბიზნესსექტორის თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ფატმა სერენ იაზგანმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და თურქეთის ელჩმა ზეთისხილის ბაღებიც დაათვალიერეს, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. აღინიშნა, რომ ახალი მავნებელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს.