მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხის ბედი კვლავ გაურკვეველია. აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა ხის ღირებულება 5 აპრილამდე უნდა გადაიხადოს. „ჯი-ეიჩ-ენს“ ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომ თანხას დადგენილ ვადებში გადაიხდიან.
აუქციონის პირობებში წერია, რომ გამარჯვებულმა ხე ამჟამინდელი ადგილიდან უნდა გადაიტანოს. „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ხის გადატანას არ აპირებენ.
რა ბედი ელის სამასწლოვან ევკალიპტის ხეს თუ „დმანისის გადარჩენის ფონდი“ ამჟამინდელი ადგილიდან არ გადაიტანს, ამის გასარკვევად „ჯი-ეიჩ-ენმა“ ფინანსთა სამინისტროს მიმართა.
როგორც ირკვევა, თუ ოპოზიცია ხის საფასურს 20 020 ლარს გადაიხდის და მისი მფლობელი გახდება, არ ნიშნავს, რომ ხე მისი საკუთრებაა. ევკალიპტი „დმანისის გადარჩენის ფონდის“ საკუთრება მას შემდეგ გახდება, რაც აუქციონის ყველა პირობას შეასრულებს. ერთ-ერთი პირობა კი მისი ამჟამინდელი ადგილიდან გადატანაა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, გამარჯვებულს აუქციონის პირობების შესასრულებლად, სტანდარტულზე სამჯერ მეტი ვადა მიეცა. „დმანისის გადარჩენის ფონდს“ სტანდარტული 10-დღიანი გატანის ვადის ნაცვლად, განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.
„თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, 30 კალენდარული დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ქონების გატანას განთავსების ადგილიდან, მას შეუძლია წერილობით მოითხოვოს ქონების გატანის დამატებითი ვადის მიცემა შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდით და თუ სააგენტოს მიერ დადგენილ დამატებით ვადაშიც ვერ უზრუნველყოფს ქონების გატანას, ელექტრონული კონტრაქტი მოიშლება ცალმხრივად, ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული პირი დაკარგავს საგარანტიო თანხას, ხოლო ქონების განკარგვა განხორციელდება ხელახლა“, - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს“ფინანსთა სამინისტროში.
სამი საუკუნის ევკალიპტის ჯიშის ხე 27 მარტს, ელექტრონულ აუქციონზე 20 020 ლარად გაიყიდა და ის „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ შეიძინა. ვაჭრობისას აუქციონს ორი მონაწილე ჰყავდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მონაწილე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, კომპანია იყო, რომელიც ივანიშვილს ხეების გადატანაში ეხმარება. ლოტის საწყისი ღირებულება კი 7000 ლარს შეადგენდა.