1-ელ აპრილს ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი საოცრებათა პარკში, ალი და ნინოს სკულპტურასთან, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ ორგანიზებით გაიმართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა სახეობის თევზი და ზღვის პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოიპოვება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეთევზეები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან, ასევე, ბიომეურნეობები. დაგეგმილია ფლეშმობი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების ჩართულობით, ასევე ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა. გაიმართება სპორტული თევზჭერის მასტერკლასები - „დაიჭირე-გაუშვი”.
ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის” გამგეობის თავმჯდომარე, სოფო დიასამიძე: „გაზაფხულზე, როცა ჯერ ზღვის სეზონი არაა დაწყებული, მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიების ჩატარება ქალაქისთვის. თუ ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს ღვინის ფესტივალი, თაფლის ფესტივალი და ყველის ფესტივალი, რატომ არ უნდა ჩატარდეს თევზის? თან არანაკლები ისტორიაა აქვს მეთევზეობას ჩვენს ქვეყანაში. შარშანდელმა ფესტივალმა მნიშვნელოვანი დადებითი მუხტი გამოიწვია, დაანახა სახელმწიფო უწყებებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი. სწორედ ჩვენი ფესტივალის შემდეგ იყო, რომ გამოცხადდა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა თევზჭერის დარგში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მეთევზეობა, როგორც დარგი, აღიარებული იქნა”.
კვების ობიექტები ფესტივალზე ზღვის პროდუქტებს წარმოადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, კერძები მინიმალურ ფასად შეიძინონ და დააგემოვნონ. თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი წელს ბათუმში მეორედ გაიმართება. ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.
ორგანიზატორი: ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯი”
პარტნიორები: აჭარის ა.რ. მთავარობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აგროსერვის ცენტრი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ქალბიზნესმენთა ასოციაცია, აჭარის ა.რ. მოსწავლე ახალგაზრდოს სასახლე, CENN, კავშირი სამყარო.