2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა.
ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8 პროცენტით შემცირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 906 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (341 ბავშვი).
დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 40.6 პროცენტიდან 38.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 21.3 პროცენტიდან 22.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.
წინა წელთან შედარებით 2017 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 35.6 პროცენტიდან 32.7 პროცენტამდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 61.6 პროცენტიდან 64.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
2017 წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 25.4 წელი შეადგინა. გარდაცვალება 2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5.8 პროცენტით შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა.
ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი).
2017 წელს, 512 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 0.6 პუნქტით გაიზარდა და 9.6 პრომილე შეადგინა