„მწვანე ზრდა“ არ არის კომპრომისი ან ალტერნატივა. ის ეკონომიკურ ზრდასა და გარემოს სტაბილურობას ერთდროულად გულისხმობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ მწვანე ეკონომიკური მოდელირების სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც მწვანე ზრდის სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მწვანე ზრდა საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას და ცხოვრების დონის ამაღლებას გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს. მისი თქმით, ის ასევე იცავს მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და ეკოსისტემებით.
სამუშაო შეხვედრა მწვანე ზრდის სტრატეგიის ფარგლებში მეორედ გაიმართა, რომელზეც მოწვეულმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისო ექსპერტმა ანდრეა ბასიმ სტრატეგიაში ჩართული დარგების მოდელირებაზე პრეზენტაცია გააკეთა. დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკასა და გარემოს დაცვას, მათ შორის, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურას, აგრეთვე განათლების სექტორებს, ითვალისწინებს ამ სექტორებში განსახორციელებელ ღონისძიებებსა და მათი დაფინანსების საკითხებს.
შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში განხილული იყო სამი სცენარი: მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებისათვის. გაკეთებული მოდელირების საფუძველზე ნაჩვენები იყო ის უპირატესობა, რაც შესაძლებელია მიღებული იქნას აღნიშნულ სექტორებში მწვანე ინვესტიციების განხორციელების შედეგად.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის მონაწილეებმა, იმ სფეროს წარმომადგენლებმა, რომელსაც მოდელირებული ანალიზი შეეხებოდა, კითხვები დაუსვეს საერთაშორისო ექსპერტს.
მწვანე ზრდის სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტექნიკური დახმარების მიზნით მიმართა ევროკავშირის დაფინასებით მიმდინარე ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკების გამწვანების პროექტს (EaP GREEN), რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ერთობლივად ახორციელებენ.
საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო წაახალისებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებას“. ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კორპორაციის (GIZ) მიერ მომზადდა მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი.
ამასთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში საქართველო მიუერთდა „მწვანე ზრდის დეკლარაციას“, რომლის შესაბამისად, ქვეყნები აცხადებენ, რომ გააძლიერებენ მწვანე ზრდის სტრატეგიებზე მუშაობის ძალისხმევას იმის გათვალისწინებით, რომ მათში ერთდროულად იყოს გათვალისწინებული „მწვანე“ და „ზრდა“, ასევე ხელს შეუწყობენ მწვანე ინვესტირებას.
მწვანე ეკონომიკის პრინციპები გულისხმობს მონიტორინგისა და შეფასების პროცედურებს, რაც განსაკუთრებულით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისათვის და მთავრობის ანგარიშვალდებულებისათვის.