ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას.
პარტიის ცნობით, კანონპროექტის მიღების მიზანია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი ანაზღაურების რეგულირება.
"კერძოდ, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება არაადეკვატურად მაღალია და არ შეესაბამება გაწეული სამუშაოების ხასიათსა და მოცულობას. მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრის წლიური ანაზღაურება 246 272 ლარს შეადგენს, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია, რაც სამჯერ აღემატება საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას.
შესაბამისად, კანონპროექტის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესება. ინიციატივის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას", - ნათქვამია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.