დღეს, 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქედებიდან ერთი წელი შესრულდა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2017 წლის 2 თებერვალს დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა. რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციასა და განახლებულ შეჩერების მექანიზმს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი ოფიციალურად პირველ მარტს მოაწერეს.
2017 წლის 8 მარტს კი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, გასული წლის 28 მარტს, შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროპაში უვიზოდ გაემგზავრა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:
ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია
ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს:
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით