ავიაკომპანია Wizz Air-ი საკუთარ მგზავრებს, ფლოტის ზრდასთან დაკავშირებით, 1000 ევროს ღირებულების ვაუჩერის მოგების საშუალებას აძლევს. ვაუჩერის მპოვნელს მისი გამოყენება Wizz Air-ის ახალ მიმართულებებზე შეეძლება.
როგორც ირკვევა, პრიზის მიღება შეეძლება მხოლოდ 1 მგზავრს, რომელიც ავიაკომპანიის ახალი 21 თვითმფრინავიდან ერთ-ერთით იმგზავრებს. თავად ვაუჩერი კი ბორტზე, სკამის ქვეშ იქნება დამალული.
საერთო ჯამში, 2018 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდში, Wizz Air-ის ევროპის ბაზებზე 21 თვითმფრინავი განთავსდება, რაც 700 დამატებითი ყოველკვირეული რეისისა და 70 ახალი სერვისის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
2018 წელს Wizz Air-ის გაფართოება განპირობებულია 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციით. ამასთან, ავიაკომპანიას ავიაციის 700-ზე მეტი პროფესიონალი შეუერთდება, რათა გუნდის წარმატებაში შეიტანოს წვლილი.
როგორც ცნობილია Wizz Air-ი ახალ თვითმფრინავს ქუთაისის ბაზასაც დაამატებს. ქუთაისის ბაზას მეორე ეარბას A320 ტიპის თვითმფრინავი 2018 წლის მაისში დაემატება.