პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა რიგით მეოთხე ყოველწლიურ კონფერენცია, სახელწოდებით: „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში".
თამარ ჩუგოშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სულ უფრო აქტიური ხდება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბარი.
„ეკონომიკური გაძლიერება არის მთავარი ღერძი, რომელიც ყველა ჩვენგანს და მთლიანად საზოგადოებას დაეხმარება არსებული პრობლემების დაძლევაში. სწორედ ეკონომიკურად ძლიერი მოქალაქე, იქნება ეს ქალი თუ კაცი, არის მთავარი გარანტი იმის, რომ ის უკეთ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას სხვადასხვა პრობლემების წინაშე",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც განაპირობებენ უთანასწორობას სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი და ცენტრალური თვითმმართველობის დონეზე ქალთა ძალიან დაბალ წარმომადგენლობას, თანასწორი შრომისთვის ქალებისა და კაცების ანაზღაურებაში დაახლოებით 40%-იან სხვაობას, ქვეყანში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, როგორც ოჯახში, ასევე ოჯახს მიღმა და სხვა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ კონფერენციის მონაწილე 300 ქალი, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებულნი, ზრუნავენ როგორც საკუთარი თავის, ასევე მათი ოჯახების გაძლიერებაზე. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული სახელწმიფო სერვისები უფრო მეტად გახდეს ქალების საჭიროებებზე მორგებული.
„ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ სახელწმიფო სერვისები, რომლებიც მეწარმეობაში ხელშეწყობისთვის არსებობს, უფრო მეტად გახდეს სენსიტიური ქალების საჭიროებების მიმართ და შესაბამისად, ქალებს მიეცეთ შესაძლებლობა უფრო აქტიურად ისარგებლონ ამ სერვისებით და უფრო მეტად მოახერხონ საკუთარი ეკონომიკური გაძლიერება",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, მასში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით, მუშაობს ქალთა საკითხებზე, მათ შორის ქალების როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ გაძლიერებაზე, შრომის კოდექსის გაუმჯობესებაზე, დახვეწაზე და სხვადასხვა მიმართულებაზე, რაც მათ ხელს შეუწყობს უფრო აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკურ ცხოვრებაში და უფრო მეტად გაძლიერდნენ.
„ჩვენი საქმიანობა არის მაქსიმალურად ღია და გახსნილი. მოგვაწოდეთ თქვენი იდეები, თუ როგორ შეიძლება პარლამენტის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გარემო თქვენთვის იყოს ხელშემწყობი, რომ კიდევ უფრო მეტად შეძლოთ საკუთარი წამოწყებული საქმეების განვითარება და გაძლიერება",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კონფერენცია გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) საქართველოში და „მეწარმე ქალთა საბჭოს" ორგანიზებით, ასევე „საქართველოს ბანკის", თბილისის მერიის, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" (EBRD), ევროკავშირის EU4Business ინიციატივის, ფოთის პორტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.