თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ, დილიდან აქციას მართავს კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ სასტუმროს მფლობელი, ეთერ ჯინჯიხაშვილი აცხადებს, მას სასტუმროს დამქირავებელი 5 თვეა, რაც ქირას არ უხდის და მსგავსი გზით, მიზანმიმართულად სურს მისი კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდება.
„გაქირავებული მაქვს სასტუმრო და 5 თვეა ქირას არ მიხდიან. ესენი არიან ჩემი მაზლიშვილი და მისი მეგობარი ქალი. ორივე მათგანი სასტუმროშია, არ გამოდიან. მითხრეს, ან სასტუმროს გადმომიფორმებ, ან ბანკში პრობლემებს შეგიქმნიო და შემიქმნა კიდეც“, - აცხადებს ჯინჯიხაშვილი.
შენობა, რომელშიც სასტუმროა განთავსებული, მეპატრონემ 2016 წელს გააქირავა. მილიონნახევრად შეფასებული 410 მ.კვ ფართი 20 000 დოლარად ბანკშია ჩადებული. არსებული ცნობით, იმის გამო, რომ დამქირავებელი არც თანხას იხდის და არც შენობიდან გადის, მეპატრონეს ბანკში ფული ვერ შეაქვს, რის გამოც, სახლი მალე აუქციონზე გაიყიდება. მეპატრონე ფიქრობს, რომ სწორედ ამ გზით ცდილობს დამქირავებელი ქონების ხელში ჩაგდებას.
ჯინჯიხაშვილის განმარტებით, მას დამქირავებლები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებით ემუქრებიან.
„ქურდული სამყაროთი მემუქრებიან. მინდა, სასამართლომ დროზე დაიწყოს ამ საქმის განხილვა, რომ ეს ადამიანები შენობიდან დროულად გამოვიყვანო. თითქმის 3 თვეა, რაც სასამართლოში მაქვს სარჩელი შეტანილი, განხილვები ჯერ არ ჩანიშნულა. აქციას მანამდე გავმართავ ყოველდღე, სანამ რაღაც რეაგირება არ იქნება“, - აცხადებს სასტუმროს მეპატრონე.
თუ როდის დაიწყებს გამქირავებელსა და დამქირავებლეს შორის დავის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო, ეს ჯერ ცნობილი არ არის. სასამართლო განხილვების დაწყებამდე და მის დასრულებამდე კი, შესაძლოა ქონების მეპატრონე მისი კუთვნილი სახლის გარეშე დარჩეს.