თბილისში, ვეძისში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 26 წლის მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული ცენტრალურ საუნივერსიტეტი კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 60 წლამდე ასაკის ავტომანქანის მძღოლი.
უწყების ინფორმაციით, მძღოლმა მიმალვა სცადა, მას საპატრულო ეკიპაჟი აედევნა და დააკავა. დაკავების დროს 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.