სუმგაითში განხორციელებული ტრაგიკული ამბებიდან 30 წელი გავიდა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრის რუსლან პოღოსიანის განცხადებით, სუმგაითის ტრაგიკულმა ისტორიამ, უკიდურესად გაამწვავა სომეხი და აზერბაიჯანელი ერების ურთიერთობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე შორს არის სასურველი მშვიდობისგან.
„საბჭოთა კავშირის რღვევას თან ახლდა ბევრი ტრაგიკული მოვლენა, გაჩაღდა სისხლიანი ეთნოკონფლიქტები. დაიღუპა უამრავი ადამიანი. წელს 30 წელი შესრულდა სუმგაითში განხორციელებული ტრაგიკული ამბებიდან. საბჭოთა კავშირის დაშლისას ეს იყო მშვიდობიანი მოქალაქეების პირველი ყველაზე მასობრივი სისხლისღვრა. სუმგაითის ტრაგიკულმა ისტორიამ, უკიდურესად გაამწვავა სომეხი და აზერბაიჯანელი ერების ურთიერთობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე შორს არის სასურველი მშვიდობისგან. გულისტკივილით მინდა, გავიხსენო ის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც იმპერიის ნანგრევებში მოყვნენ და ძალიან ახალგაზრდებმა დატოვეს სიცოცხლე. მინდა, სურვილი გამოვთქვა, რომ სუმგაითის ტრაგედიის მსგავსი სისხლისღვრა დედამიწაზე არსად აღარ განმეორდეს", - განაცხადა რუსლან პოღოსიანმა.