დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს საქართველო გლობალურ ინიციატივა #WikiGap-ს პირველად შეუერთდება. საქართველოში შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიოს 50 ქვეყნის პარალელურად, ვიკიპედიის მომავალი ქალი რედაქტორებისთვის თბილისში სპეციალური ვორკშოპი (ედიტათონი) გაიმართება. ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოსა და სომხეთში ერიკ სალმგრენ ფონ შანთცი გახსნიან.
გლობალური მასშტაბით, ვიკიპედიის რედაქტორების 90% კაცია, ენციკლოპედიაში ქალების შესახებ მასალების რაოდენობა კი კაცების შესახებ მომზადებული სტატიების რიცხვზე 4-ჯერ ნაკლებია. #WikiGap შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ ვიკიმედიას ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ვიკიპედიაში ამ უთანასწორობის შემცირებას ისახავს. ინიციატივა აქცენტს ორ მიმართულებაზე აკეთებს: ვიკიპედიაში მეტი ქალი რედაქტორის ჩართულობასა და ქალთა შესახებ შექმნილი მასალების რაოდენობის გაზრდაზე. #WikiGap-ის აღსანიშნავად, შვედეთის საელჩოების ორგანიზებით, ედიტათონები მთელ მსოფლიოში ტრადიციულად ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს იმართება.
თბილისის ედიტათონში მონაწილეობას ქართველი ქალი მკვლევრები, ბლოგერები და ჟურნალისტები მიიღებენ. როგორ ვწეროთ ვიკიპედიისთვის და როგორ გავხდეთ ონლაინ ენციკლოპედიის რედაქტორები - ამ თემებზე საკუთარ გამოცდილებას მონაწილეებს ქართული ვიკიპედიის წარმომადგენლები გაუზიარებენ. ედიტათონის ბოლოს კი გადამზადებული რედაქტორები ქართულ ვიკიპედიაში ცნობილი თუ აქამდე უცნობი ქალების შესახებ მასალებს განათავსებენ.
ამას გარდა, ქართული ვიკიპედია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და შვედეთის საელჩო საქართველოში სამომავლოდ ვიკიპედიის სტატიების კონკურსის გამოცხადებასაც გეგმავენ, რომლის მიზანიც ქართულ ვიკიპედიაში ქალთა თემატიკის უკეთ გაშუქება და წარმოჩენა იქნება.