7 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა, კონსტიტუციური რეფორმა და სამართლის უზენაესობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კრებული 2006 წლიდან გამოიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. კრებულის რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია. სტატიათა ავტორები არიან როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსი იურისტები - მოსამართლეები და ადვოკატები, ასევე, არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
სტატიათა კრებულში თავმოყრილია ავტორთა სტატიები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და მიზნად ისახავს, გაანალიზოს საქართველოში არსებული სამათლებრივი და ადამიანის უფლებათა პრობლემები და საზოგადოებას შესთავაზოს ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის მოგვარება სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. სტატიებში გამოთქმულია მოსაზრებები როგორ შეიძლება დაიხვეწოს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა.