საქართველოში გამოკითხული კაცების 22% და ქალების 14% მიიჩნევს, რომ თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, კაცების 50%-ს და ქალების 42%-ს გაუპატიურებად არ მიაჩნია, თუ ქალი მოძალადეს ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევს.
ცნობისთვის, დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა გაეროს ქალთა ორგანზიაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.
ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია.
ამავე კვლევაზე დაყრდნობით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.
ასევე, ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ მინიმუმ ერთი ორსულობის დროს მათზე ძალადობა განხორციელდა. საქართველოში მასშტაბით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის.