იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თეა გურგენიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
მათი განმარტებით, გათავისუფლებულ პედაგოგს რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი უპირისპირდება, რომელიც მას მოზარდის ცემასა და წამებაში ადანაშაულებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლის გაგრძელებას თეა გურგენიძესთან ერთად, კარავში აპირებენ.
აქციის მონაწილეები ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და გურგენიძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. თავად პედაგოგი ცემის ფაქტს უარყოფს, სასამართლოში ჩივილს და სახალხო დამცველის სახელზე განცხადების დაწერას აპირებს.
"რამდენიმე წლის წინ დედაჩემი მუშაობდა სხვა სოფელში მასწავლებლად და უმიზეზოდ გაათავისუფლეს, რის გამოც რესურსცენტრის ხელმძღვანელისგან პასუხი მოვითხოვე, თუმცა მაშინ ის დამემუქრა, რომ თუ ჩუმად არ ვიქნებოდი, მეც დედის მსგავსად სამსახურიდან მომიწევდა წასვლა. ჩემი 12-წლიანი მუშაობის პერიოდში არასოდეს საყვედური არ მიმიღია და არც მოსწავლის ცემის ფაქტი დაუბრალებია ვინმეს. რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მანანა ცუცქირიძეს არ დავემორჩილე და თავისუფლად გავაგრძელე ცხოვრება. სოციალურ ქსელსაც ვიყენებ და ჩემს აზრსაც ვაფიქსირებ. ვფიქრობ, სწორედ ამ დაუმორჩილებლობის გამო, დისციპლინური საბჭოს წევრებს ცუცქირიძემ ზეწოლით შეადგენინა გათავისუფლების ოქმი. მე ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას, რადგან თუ აქვთ კადრები, სადაც მე ვცემ მოსწავლეს, რატომ არ მაჩვენეს?“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ პედაგოგმა თეა გურგენიძემ.