ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ ხელფასების მომატების საკითხს იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ საკრებულოს სხდომა ლეგიტიმურად ჩაითვლება. მისივე თქმით, თუ გაირკვა, რომ გუშინ, საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა მოხდა წესების დარღვევით, ხელფასების მატების საკითხს ხელს არ მოაწერს.
ზაზა ჩაჩანიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციასაც ეხმიანება, რომელიც მისი გადადგომის მოთხოვნით, 17:00 საათზე გაიმართება.
,,გავიგებ კონკრეტულად თუ რას ითხოვენ. მათ უნდა დაასაბუთონ, რატომ მოითხოვენ ჩემს გადგომას. მე ბორჯომის მოსახლეობის მიერ ვარ არჩეული. მე ვიმოქმედებ ისე, როგორც დასჭირდება ბორჯომს და არა ისე, როგორც უნდა ირაკლი კვირკველიას“, - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. მათი განცხადებით ხელფასები 2 თვეა არ აუღიათ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების განხილვას დაპირისპირება მოჰყვა დღეს პარლამენტშიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.
დღეს დილიდან ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.