სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისთვის, კორუფციისა და თაღლითობის პრევენციაში, აუდიტის სამსახურის როლთან დაკავშირებული სემინარი დაიწყო.
სამდღიან სემინარს მოწვეული ექსპერტი, ნიუ-იორკის შტატის საკოტროლო-ფინანსური სამმართველოს ყოფილი უფროსი, დევიდ ჰენკოქსი უძღვება. დევიდ ჰენკოქსს 41 წლიანი აუდიტორული საქმიანობის გამოცდილება გააჩნია, რომელსაც სამუშაო შეხვედრის მონაწილე აუდიტორებს გაუზიარებს და მათ ახალ აუდიტორულ მიდგომებს, მათ შორის თაღლითობის, ფლანგვისა და უკანონო გარიგებების გამოვლენის, მონაცემთა ანალიზის უახლეს მეთოდებს გააცნობს.
სემინარი გახსნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ.
„სემინარზე ვიმსჯელებთ საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ. შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა რისკების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია და მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა თაღლითობის გამოვლენაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კორუფციისა და ღაღლითობის პრევენციის მიზნით ქმედით ღონისძიებებს განახორციელებს მომავალშიც“, - განაცხადა ეკა ღაზაძემ.
სემინარის თემებია ანტიკორუფციული სისტემის მიმოხილვა; ზღვარი აუდიტსა და თაღლითობის გამოძიებას შორის; თაღლითობის რისკების იდენტიფიცირების და გამოვლენის სახელმძღვანელოს ჩარჩოს მიმოხილვა; მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა თაღლითობის გამოვლენაში; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან.
სემინარი USAID- ის პროექტის „უკეთესი მმართველობის ინიციატივის“ ორგანიზებით იმართება.