საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ინიციატივით, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პირველი ბიბლიოთეკა გაიხსნება, სადაც თავს მოიყრის სამეცნიერო ლიტერატურა, ქართველი მკვლევარების უნიკალური ნაშრომები, ასევე საარქივო მასალები და ხელნაწერები, რაც აქამდე კერძო კოლექციებში ინახებოდა.
„ეს არის პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი დარგობრივი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს, გაეცნონ ქართული და უცხოური ფსიქიატრიული სკოლის ისტორიას. ეს იქნება სივრცე, სადაც სამეცნიერო პროფესიული ლიტერატურა ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისთვის, მედიისა თუ სხვა დაინტერესებული პირებისთვის“, - განაცხადა ეკა ჭყონიამ, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ.
დარგობრივი ბიბლიოთეკა აწ გარდაცვლილი პროფესორის, შოთა გამყრელიძის სახელს ატარებს. დღესვე, ცნობილი ქართველი ფსიქიატრის ოჯახმა ახალ ბიბლიოთეკას შოთა გამყრელიძის პირადი არქივი საჩუქრად გადასცა.
აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე (1922-2015წწ) - იყო ექიმი–ფსიქიატრი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელი საქართველოში. 251 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სამამულო ომის ვეტერანი. კემბრიჯის უნივერსიტეტის ვერცხლის მედლის მფლობელი. ღირსების ორდენის კავალერი.