ბაზრობა “თერგის“ სახურავზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ტერიტორია ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული. მოვაჭრეებს ამ ეტაპზე შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ შენობაში ტანსაცმლისა და პროდუქტების მაღაზიები ჰქონდათ და საქონელი დაზღვეული არ იყო.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, დაზარალებულები გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობას გამოეწვია, რადგან, მათი ინფორმაციით, სადენები მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ შეცვალეს. დაზარალებულები ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენას არ გამორიცხავენ.
დაზარალებულთა უმეტესობა ამბობს, რომ თუ მათი მაღაზიები დაიწვა, ზარალი 20 000 ლარზე მეტი იქნება.
თბილისში ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი გუშინ ღამით, დაახლოებით 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი. მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.