„საქართველოში ქვევრი ტრადიციული ატრიბუტია - თიხისგან დამზადებულ ღვინის შესანახი ჭურჭელის გამოსახულებას ყველგან დაინახავთ: მაისურებზე, სუვენირებზე, ჩაის ტილოებზე, რომლებიც თბილისის ცენტრში მდებარე თითქმის ყველა ტურისტულ მაღაზიაში იყიდება. ქვევრი გამოსახულია გზისპირა ბანერებზე, პროვინციულ კაფეებში, ბარებსა და სასტუმროებში. ქვევრს შეხვდებით ღვინის ტურებშიც, ყოველი ქარხნის სტუმრობისას“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - დევიდ უილიამსი).
„ყველგანმყოფი ქვევრი - ეს უფრო მეტია, ვიდრე ტურისტული მარკეტინგი. ქვევრი იმის სიმბოლოა, რითაც ქართველები ძალიან ამაყობენ: მათი სამშობლო მსოფლიოში ღვინის დამზადების უძველეს ქვეყნად არის აღიარებული. გასული წლის ნოემბერში არქეოლოგებმა თბილისის ახლოს, სამხრეთით, გათხრების დროს, ქვევრის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელზეც ღვინის კვალი იყო დატოვებული. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ამ ქვევრში 8 ათასი წლის წინათ ღვინო იყო ჩასხმული.
შეიძლება პარადოქსულიც კი იყოს, მაგრამ ქვევრი საქართველოს თანამდროვეობის სიმბოლოდაც ითვლება - როგორც კახეთში მოღვაწე ცნობილი ამერიკელი მეღვინე ჯონ ვურდემანი ამბობს, „ცხოვრების წესად, რომელიც წარსულს ეფუძნება“. დღევანდელ მეღვინეებს ქართული ღვინის დამზადება ძველი, ტრადიციული მეთოდებით სურთ. სწორედ ქვევრს იყენებს ჯონ ვურდემანი თავის პროექტში „ხოხბის ცრემლები“, რომლის პარტნიორი გელა პატალიშვილი გახლავთ“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია „მიწაში ჩამარხულ“ ქვევრში ღვინის დაყენების პროცესიც.
ღვინის წარმოება საქართველოსთვის სწრაფად მზარდი დარგია და სულ უფრო დიდ როლს ასრულებს ქვეყნისათვის. ქვევრის რენესანსმა კი საქართველო მეღვინეობაში მოდის მიმცემი ქვეყნების რიგში დააყენა. თიხის ჭურჭლებში ღვინის ტრადიციული დამზადების ქართულმა წესმა მსოფლიოში მრავალი თანამოაზრე შეიძინა. ქართული ღვინოები მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებისა და ცნობილი მაღაზიების აუცილებელი პროდუქცია გახდა.
ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც მე-20 საუკუნეში, უხეში სამრეწველო მეთოდებისა და ცენტრალური დაგეგმვის პირობებში, უდიდესი მოცულობით ამზადებდა საბჭოურ ღვინოს, ასეთი შემობრუნება ნამდვილად მისასალმებელია, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
სტატიის დასასრულს ავტორი მკითხველს აცნობს ექვს საუკეთესო ქართულ ღვინოს და მათ მწარმოებლებს: კომპანია „ბურკჰარდ შუხმანი“, ღვინო „მწვანე“; კომპანია „მუხრანი“ – ღვინო „რქაწითელი“; კომპანია „ხოხბის ცრემლები“ – „საფერავი“; კომპანია „ორგო“ – „საფერავი“; ძმები დაკიშვილების ოჯახური ღვინო „კისი“, კომპანია „მარანი“ – „სატრაპეზო“.