კუს ტბისა და მთაწმინდის გამყოფ ქედზე მაღალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით, მთის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელმაც შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს, - ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა განაცხადა. მან ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა გეოლოგებთან და და სეისმოლოგებთან ერთად გააპროტესტა.
მესხიშვილის მტკიცებით, ამ ტერიტორიებზე მცოცავი ქანებია და მთის დემონტაჟმა, შესაძლოა, ეროზიული პროცესები წარმოქმნას, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
აქციაზე გეოლოგებმა განაცხადეს, რომ ხეობას წვიმის დროს მარეგულირებელი, წყალშემკრები და წყალშემაკავებელი ფუნქცია აქვს, მთის დემონტაჟის შემთხვევაში კი წვიმამ შესაძლოა, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის მსგავსი კატასტროფა გამოიწვიოს.
აქციის მონაწილეები ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავენ და სპეციალური პეტიციით დედაქალაქის მერს მიმართავენ.