საქართველოს პარლამენტმა და ირაკლი კობახიძემ გასულ ერთ კვირაში უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით 109 ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი წერილი მიიღო, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად მოხდეს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის მიღება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც პროფკავშირებს აქვთ.
„მსოფლიოს მასშტაბით აქტივისტები და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო კამპანიას უერთდებიან და ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებით, საკუთარი სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ. ირაკლი კობახიძემ გასულ კვირაში საქართველოში უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით 3000 წერილობითი შეტყობინება მიიღო.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყნის პარლამენტი საერთაშორისო მხარდაჭერას და პროტესტს გაითვალისწინებს და მიიღებს ისეთ კანონს და რეგულაციებს, რომელიც რეალურად დაიცავს მშრომელთა ინტერესებს.
გლობალური კამპანია საქართველოში უსაფრთხო შრომის მოთხოვნით, საერთაშორისო პლატფორმა LabourStart-ის ორგანიზებით და ხელშეწყობით დაიწყო. მან საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობას და აქტივისტებს, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე შესაძლებლობას მისცა მხარდაჭერა მოიპოვონ საერთაშორისო დონეზე.
პლატფორმის მნიშვნელოვანი ელემენტია საინფორმაციო კამპანია ActNow, რომელიც მსოფლიო მაშტაბით ადამიანებს აძლევს საშუალებას მხარი დაუჭირონ კონკრეტულ პროცესს და წერილობით მიმართონ კამპანიის ადრესატს.
სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა საერთაშორისო კამპანიას შეუერთდეს. ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და მიჰყვეთ ინსტრუქციას https://www.labourstartcampaigns.net/show_campaign.cgi?c=3709“,- ნათქვამია საქართველოს პროფესიული კავშრიების გაერთიანების განცხადებაში.