“ეფექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი შრომის ინსპექციის ინსტიტუციის გაძლიერება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი წარმოდგენა შრომის უსაფრთხოების საკითხის მართვის იერარქიაზე", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, შრომის ინსპექტორის ფუნქცია ამა თუ იმ ობიექტზე 24-საათის განმავლობაში მეთვალყურეობა არ არის.
"შრომის ინსპექტორის ფუნქციაა სისტემური მოდულების შემოწმება. მაგალითად, ცხელ საამქროში არის თუ არა ჰაერის გაგრილების სისტემა, სამშენებლო და მაღალი სიმაღლის ობიექტებზე არის თუ არა კონკრეტული სტანდარტების შესაბამისი დამცავი ინდივიდუალური და კოლექტიური აღჭურვილობა. შრომის ინსპექტორი სწორედ ამას ამოწმებს და არა იმას, თუ რამდენად იცავენ იქ მომუშავე ადამიანები ამ აღჭურვილობის თუ ტექნოლოგიის სწორ გამოყენების წესებს - შრომის ინსპექტორი ნახულობს, არსებობს თუ არა ეს მოდულები. მეორე, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სამსახური, რომელიც გარკვეულ მშენებლობებზე პირდაპირ ზედამხედველობას აწესებს და არის პოლიტიკის მთავარი შემმუშავებელი შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შექმნაში. მესამე იერარქია შრომის უსაფრთხოებაში არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები, რომლებიც არჩევითად ახორციელებენ ზედამხედველობას, სრულდება თუ არა ესა თუ ის პირობა. მეოთხე - ეს არის საერთოდ არარსებული თუ რუდიმენტულად არსებული, მაგრამ რატომღაც საზოგადოების ყურადღების გვერდზე დატოვებული ეშელონი, რომელსაც საკუთრივ კომპანიების უსაფრთხოების სამსახურები ჰქვია.
მათი პირდაპირი ამოცანაა, რომ 24/7-ზე რეჟიმში აწარმოოს მეთვალყურეობა, თუ რამდენად სრულდება შრომის ინსპექტორის მიერ შემოწმებული, ეკონომიკის სამინისტრის მიერ შექმნილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ დაზუსტებული და იმპლემენტირებული რეგულაციები. შრომის ინსპექტირებზე აქცენტირება სწორი და მართალია, მაგრამ ასევე აუცილებელია აქცენტირება მეოთხე ეშელონზე გაკეთდეს“, - განმარტა დავით სერგეენკომ.