ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მეშვიდე კლასელს სცემა.
სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლე დამრიგებელმა ფარდის ჩამოგდების გამო დასაჯა.
„მოხდა ასეთი რამ, რომ სხვა ბავშვების დასმენით, მასწავლებელმა სცემა ბავშვი, რომელიც იყო უდანაშაულო. ეს ამბავი დადგინდა, მშობლებიც მოვიდნენ სკოლაში და ბავშვმა თქვა, რომ მასწავლებელმა სცემა.
ინციდენტი მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოგდებას მოჰყვა, სადაც ბავშვებს ღონისძიება ჰქონდათ. ბიჭი მეშვიდეკლასელია, მასწავლებელი კი დამრიგებელია, ისე მათემატიკას ასწავლის.
შინაგანაწესით დაუშვებელია მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ყველა მასწავლებელს ეს არ ესმის. მე, პირადად, რამდენჯერმე მაქვს ეს მუხლი წაკითხული, სიტყვიერადაც ვეუბნები მასწავლებლებს, რომ ბავშვებს ხელი არ დააკაროთ, დაამყარეთ შესაბამისი კომუნიკაცია, მაგრამ არ გამიგონა ქალბატონმა“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
ცნობისთვის, დისციპლინარული კომიტეტი რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა სკოლას დამრიგებელი.