თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ოკუპაციის ხაზზე ყველაფერი რიგზეა, ე.ი. თვითონ ვერ არის რიგზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, სტრატეგიულ დისკუსიაზე "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა" განაცხადა.
მისი თქმით, ყოველი მეტრი ქართული მიწის, რომელზეც ახალი მავთულხლართის აგება მიმდინარეობს, ყველა ტერიტორია, სადაც ვახორციელებთ და ვერ ვახორციელებთ ფაქტობრივ ხელისუფლებას, არის საქართველოს ტერიტორია.
"ასევე, ნებისმიერი ადგილიდან ადამიანის გატაცება არის მიმართული ჩვენი მდგრადობის წინააღმდეგ, იქითკენ, რომ რომელიმე ქართველის ტვინში გაჩნდეს ფიქრი, რომ ფაქტი სახეზეა და მოდი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ამის თაობაზე. ეს არის მთავარი დარტყმა, რომელოც იდეოლოგიურად ხორციელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ნებისმიერი პოლიტიკოსი (მე არ ვიცნობ ასეთს), რომელიც თავში გაივლებს, რომ შეიძლება დაჯდე ოკუპანტთან იმის მოსალაპარაკებლად, როგორ გადაუფორმო ჩვენი მიწა-წყალი, იქნება მტერი მთელი ჩვენი წარსულისა და მომავლისა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.