მანდატურის სამსახურის რეფორმირების შესახებ შემოთავაზებული კანონპროექტი ძალიან მიმსგავსებულია კანონის იმ ვარიანტს, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე, ვიდრე ,,ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში", -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა განათლების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კვიტაიშვილის შეფასებით, ის რასაც უმრავლესობის წევრები საპოლიციო რეჟიმს უწოდებდნენ, ერთი-ერთში ჰგავს შემოთავაზებულ პროექტს.
"არის გარკვეული სიახლეები, რომლებიც სერიოზულ დაზუსტებას მოითხოვს, ხელისუფლება ამ ცვლილებამდე მხოლოდ იმის შემდეგ მივიდა, რაც ვნახეთ, როგორ შეაღწია სკოლებში კრიმინალმა, მივიღეთ ტრაგიკული შედეგებიც. კრიმინალი, სკოლებში, სისხლის ფასად დაგვიჯდა და ამის გამოსწორებას ცდილობენ. შემოთავაზებული პროექტი მხოლოდ დამუშავების სტადიაზე მყოფი დოკუნენტია, არის საკითხები, რომლებიც უნდა იყოს პროექტში და ჯერჯერობით არ იკვეთება. მაგალითისთვის, არ ჩანს პრევენციულ ღონისძიებებში ბავშვთა ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სოციალური სამსახურების ჩართულობა ", - განაცხადა კვიტაიშვილმა.
პარლამენტის განათლების კომიტეტში დღეს მანდატურის სამსახურის რეფორმირების შესახებ შემოთავაზებულ კანონპროექტს განიხილავენ.