საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. ოპოზიციის მოთხოვნაზე უმრავლესობამ უარი თქვა და შესაბამისად, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის მიზეზების განხილვა საკრებულოში აღარ შედგება. საკრებულოში არ მივიდნენ არც ყოფილი და არც ამჟამინდელი მერები და არც საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები.
„ერთ კვირა გავიდა და მუშა ტელევიზიის ეთერით ყვება, რა პრობლემები იყო იქ. ეს ნორმალურია? გამოდიან აქ გადაპრანჭულები და დავარცხნილები და შარვალ-კოსტუმით აკეთებენ განცხადებას, რომ თურმე შოუებში მონაწილეობას არ მიიღებენ. უკაცრავად, ეს არის თქვენი ვალდებულება. უნდა გაითავისონ, რომ ისინი არიან თბილისელების მიერ არჩეულები,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
სხდომის ჩაშლას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი.
მისი თქმით, მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ პოლიტიკურ წარმოდგენაში მონაწილეობის დრო არ აქვს.
დეპუტატი განმარტავს, რომ ვისაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, საკითხის განხილვაში მონაწილეობის და პასუხების მიღების საშუალება პარასკევს გამართულ ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მიეცა.